X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - ხულოს ცენტრის განახლება, ხულო-ზარზმის გზის პროექტთან ერთად განავითარებს ხულოს დიდ პოტენციალს

23 სექტემბერი 2021

 

„ხულოს ცენტრის განახლება, რომელსაც უკვე წელს დავასრულებთ,  ხულო-ზარზმის გზის პროექტთან ერთად შესაბამის განვითარებას მისცემს ხულოს დიდი პოტენციალს,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამ მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“  ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

ხულოში, შუახევსა და ქედაში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების განსახორციელებლად.

პროგრამის ფარგლებში, ხულოში დაწყებულია მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, ქედაში კი მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია.

სამუშაოების მიმდინარეობას ირაკლი ქარსელაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  გაეცნენ.

მინისტრის თქმით, ამჟამად ხულოში დაწყებულია დაბის ცენტრში მდებარე შენობების იერსახის მოწესრიგების, ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაუმჯობესების, საინჟინრო, გადახურვის და სხვა აუცილებელი სამუშაოები. განხორციელდება  ბორდიურების და საგზაო უსაფრთხოების სხვა აუცილებელი ღონისძიებებიც.

„ახალი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელის მოიზიდავს და მიიღებს მეტ ტურისტს,  ადგილობრივ მოსახლეობას კი გაუჩენს უფრო კომპფორტულ პირობებს და ახალ შესაძლებლობებს,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

4-წლიანი პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.